როგორ აფასებენ მმართველი პარტიის დეპუტატები ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს

ნი

 „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არსებობს ხელოვნური პოლიტიკური მიზანი, რომელიც საქართველოს დაზიანებას ისახავს მიზნად. ასე მმართველი პარტიის წევრები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელშიც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში კორუფციისა და ადამიანის უფლებებზე თავები ამოღებულია.

„გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოში ვითარება დახატონ იმგვარად, რომ არ შენელდეს ეს ექსტრემისტული გამოხტომები და რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ სწრაფვა“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„არის კონკრეტული ხელოვნური პოლიტიკური მიზანი და ამ ხელოვნური პოლიტიკური მიზნის გარშემო შენდება მთელი ეს სიყალბე, რასაც ვაკვირდებით. არ გვიკვირს ეს უსამართლო დამოკიდებულება და მიდგომა. ეს არ არის ახალი ქართული საზოგადოებისთვისაც. ვხედავთ, რომ აქ მთავარი ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის დიდი ხანია არ არის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. მიზანი არის დააზიანონ სახელმწიფო“, - მიიჩნევს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

„ეს მეტყველებს იმ სიმძიმეზე, იმ ფსკერზე, რაც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებობს და ასევე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სწორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება, თუნდაც იმ კრიტიკასთან მიმართებაში, რაც ისმის ჩვენი მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მისამართით“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.