როდის აქვს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, იმის მიღმა სხვა საფუძველს არ ცნობს, რაზე მოხდება და რაზე არა აზრთა შეჯერება ჯერ ვერ გეტყვით, ბუნებრივია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე.

თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.

"გახარია საქართველოსთვის" გუნდის პოზიცია და მთავარი მოთხოვნა კვლავ არის დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

"ის უფლებამოსილება, თუ როდის აქვს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება და პრინციპში ვალდებულებაც, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. იმის მიღმა სხვა საფუძველს არ ცნობს კონსტიტუცია. ორი არალეგიტიმური პარლამენტი არ არის საჭირო, ეს ნახევრად ხუმრობით.

რაზე მოხდება და რაზე არ მოხდება აზრთა შეჯერება, ჯერ ვერ გეტყვით, იქ, ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - პირველი მოთხოვნა არის, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ დაკავებული ადამიანები და მეორე მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს ანა ბუჩუკური.