35 წლის ფეხბურთელს მატჩის დროს გული გაუჩერდა
1749153653
დამოუკიდებლობის დღეს ემანუელ მაკრონის, დონალდ ტუსკისა და ფრიდრიხ მერცის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ევროპელი ლიდერები დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეს არის პარტნიორების მოწოდება, რომელიც არ გულისხმობს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
"როდესაც პარტნიორები კრიტიკულად აკეთებენ განცხადებებს, ამას ყური უნდა დაუგდო და მით უმეტეს, როცა სთავაზობენ გარკვეულ ნაბიჯებს დიალოგის თვალსაზრისით, რაც არის სწორი, ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება. როდესაც არსებობს შენი ვალდებულება, როგორც ქვეყნის, იმ პირობების შესასრულებლად, რაც პირველ რიგში შენ გჭირდება და შენს ხალხს სჭირდება, რა ჩარევაზეა აქ ლაპარაკი. ეს არის მოწოდება პარტნიორების, მეგობრების, ძალიან კეთილი განზრახვით, კეთილი სურვილით, რომ შეიცვალოს ვითარება," - აცხადებს გიგი წერეთელი.
განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, რომელიც ამბობს, რომ არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს.
"როდესაც არღვევ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ყველა შესაძლო სტანდარტს, როდესაც აუქმებ ევროპული კავშირისკენ სვლას, როდესაც აკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ რეალურად ეს ქვეყანა არ წავიდეს წინ ევრო ატლანტიკური დღის წესრიგისკენ და როდესაც პარტნიორები გეუბნებიან, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება შენთვის სასიკეთოდ, თუმცა არჩევანი შენზეა, მაგრამ გთხოვს რომ არ აირჩიო ჭაობის, არამედ აირჩიე უკეთ ცხოვრების შანსი მილიონობით ქართველისთვის, არანაირი ჩარევას ადგილი არ აქვს", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.