როდესაც ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთი აშენდება, სატრანზიტო კუთხით და ტურიზმის განვითარების კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ექნება - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება.

11 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საერთაშორისო ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა.

"ეს არის ბათუმი-სარფის მონაკვეთი, რომელშიც არის 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, რაც მეორე იქნება საქართველოში კობი-ქვეშეთის გვირაბის შემდგომ და ამ კომპანიამ ააშენა ზუსტად კობი-ქვეშეთის მონაკვეთი. როდესაც ის აშენდება სატრანზიტო კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ამასთანავე, აჭარაში ტურისტულ საკმაოდ სერიოზულ ადგილებს, რომელიც ტურისტული დატვირთვის არის, მოაშორებს ტრანზიტულ მოძრაობას. ამიტომ ტურიზმის განვითარების კუთხითაც აქვს ამ მაგისტრალს და მაგისტრალის ამ მონაკვეთს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ კონტრაქტორთანაც დღეს აღვნიშნეთ და გვქონდა საუბარი, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღებაა და პირველი რაც იქნება, ეს იქნება ხარისხი და ხარისხთან ერთად ვადები, რომ დროულად განხორციელდეს ეს პროექტი", - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.