რევაზ სოხაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) გენერალური მდივნის მოადგილეს, აზია და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს არმიდა სალსია ალისჯაბანას შეხვდა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ქვეყნის ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება. მინისტრმა გააცნო სტუმრებს საქართველოს მთავრობის ხედვა რეგიონული კავშირების გაძლიერების, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, ქალაქებისა და რეგიონების განახლების მიმართულებით.

„არმიდა სალსია ალისჯაბანამ აღნიშნა საქართველოს როლი აბრეშუმის გზის თანამედროვე ქსელის განვითარებაში და მომავალი აქტიური თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლაი პომოშნიკოვი.

არმიდა სალსია ალისჯაბანა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და ESCAP-ის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. ის საქართველოში ვიზიტით იმყოფება თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში, სადაც პანელურ დისკუსიაზე “Rewiring Global Trade” სიტყვით გამოვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.