რესპუბლიკელი კონგრესმენები ჰარვარდის უნივერსიტეტის ჩინეთისა და ირანის მთავრობებთან კავშირებს იძიებენ

ჰარვარდის უნივერსიტეტი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტები ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფებსა და ირანის მიერ დაფინანსებულ მკვლევრებთან კავშირების საქმეზე გამოძიებას ატარებენ.

Washington Examiner-ის ცნობით, წერილში, რომელიც ჰარვარდის პრეზიდენტ ალან გარბერს გაუგზავნეს, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ უნივერსიტეტის კავშირები ჩინეთთან და ირანთან შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ეროვნული უსაფრთხოებას და ეთიკური ნორმების დარღვევად ჩაითვალოს.

„აივი ლიგის“ წევრ ჰარვარდის უნივერსიტეტს წაუყენეს ბრალდებები ჩინეთის პარამილიტარული ჯგუფის წევრთა მომზადებაში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული უიღური მუსლიმების სავარაუდო გენოციდში, ასევე ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებულ უნივერსიტეტებთან ერთობლივ კვლევებში, ირანის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მკვლევრებთან თანამშრომლობაში და ჩინეთის მთავრობასთან ორგანოების გადანერგვის შესახებ კვლევაში - იმ ფონზე, როცა ჩინეთის ხელისუფლებას ორგანოების იძულებით ამოღებაში ადანაშაულებენ.

2024 წელსაც კი, ჰარვარდმა უმასპინძლა სინძიანის წარმოებისა და მშენებლობის კორპუსს (XPCC), რომელსაც უწოდებენ „ჩინეთის კომუნისტური პარტიის უიღურებზე გენოციდის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტს“, ტრენინგებისა და კონფერენციების ფარგლებში. ხაზინის დეპარტამენტმა XPCC 2022 წელს დაუწესა სანქციები, რომლებიც მისთვის „აშშ-ის პირების მიერ ნებისმიერი სახის დაფინანსებას, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას“ კრძალავს.

დასანქცირების შემდეგ ჰარვარდმა XPCC-ს სულ მცირე ოთხჯერ უმასპინძლა.

ასევე, ჰარვარდის მკვლევრები სავარაუდოდ თანამშრომლობდნენ ჩინელ მეცნიერებთან პროექტებზე, რომლებიც ირანის მიერ იყო დაფინანსებული - მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს დაწესებული სანქციებით ასეთი თანამშრომლობა აკრძალულია. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებმა 2020 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 4 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირებს, ერთ-ერთი კი 2024 წელს.

კომიტეტების მტკიცებით, ჰარვარდის მეცნიერებმა ითანამშრომლეს სამ ინსტიტუტთან, რომლებიც ღიად უკავშირდებიან ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებს.

წარმომადგენელთა პალატის გამოძიება ხორციელდება იმ ფონზე, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება - ადმინისტრაციამ გაყინა ან გააუქმა $3 მილიარდის ოდენობის დაფინანსება, უნივერსიტეტის მიერ ანტისემიტიზმის პრობლემისადმი დამოკიდებულების გამო.

ორშაბათს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა კი დამატებით $60 მილიონის დაფინანსება გააუქმა, რადგან უნივერსიტეტი ანტისემიტიზმის გამოწვევებს „ვერ გაუმკლავდა“.