„რაზეც ახლა საუბრობენ, ტრამპს სადილი გაუმართაო, - ტრამპის სადილის ხარჯები არაა შეყვანილი ბრალდებაში“ - გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრალზე

გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბრალში არ არის შესული წარმომადგენლობითი ხარჯები - დონალდ ტრამპისთვის გამართული სადილის ხარჯები და ა.შ. რაზეც ხელისუფლების ოპონენტები ამ თემაზე საუბრის დროს აპელირებენ.

"ფაქტი რჩება ფაქტად, რომ მტკიცებულებები არსებობს, სადაც "მზეთუნახავი" სააკაშვილი მასაჟისტებთან ერთად დადიოდა ძვირადღირებულ სასტუმროებში - ეს ხომ ფაქტია. მაშინ თქვან, რომ ეს არ იყო ფაქტი, ან არ იყო ფაქტი ის, რომ ასი ათასობით ლარს ხარჯავდა თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაში, თავისი ახლობლების ვოიაჟებში... პრეზიდენტს არაფერი აქვს გამოყოფილი თავისი კომფორტისთვის, გარდა თავისი პირადი ხელფასისა - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ერთადერთი, არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯები, - რაზეც ახლა საუბრობენ, ტრამპს სადილი გაუმართაო, - ტრამპის სადილის ხარჯები არაა შეყვანილი ბრალდებაში.

სად წერია მტკიცებულებაში, რომ ტრამპს რომ სადილი გაუმართა, ეს იყო უკანონო? მაგრამ ბოკუჩავას რომ საათი აჩუქა და თავის ოჯახის წევრებს რომ ვოიაჟებს უფინანსებდა, ასიათასობით და მილიონობით, რა თქმა უნდა, ის შევიდოდა ბრალში, რადგან ბიუჯეტის ხარჯზე ასეთი თანხების დახარჯვის უფლება პრეზიდენტს არ აქვს. ერთადერთი, მას შეეძლო თავისი ხელფასი დაეხარჯა და, ვიმეორებ, მას წარმომადგენლობით ხარჯებს არავინ ედავება - ვიღაცას სადილი გაუმართა თუ სადღაც ჩავიდა ვიზიტის დროს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.