"რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს" - მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში მასშტაბურ ნათლობის ცერემონიას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს აჭარაში 1300-მდე ადამიანი მონათლა. უწმინდესმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში აღავლინა, რის შემდეგაც პატრიარქმა ნათლულები დალოცა. აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს.

იქ იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ზემო აჭარაში გამართულ საყოველთაო ნათლობასა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა რეგიონის ისტორიულ როლს და აღნიშნა, რომ აჭარა ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი პირველი კარიბჭე იყო.

 

"განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემო აჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს, მინდა მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. დღეს არის მართლაც ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი დედა ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლური დედა ეკლესიის, ნათლისღება მიიღო და მართლაც უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენთაგანში, ხარობს მთელი ერი და მთელი ქვეყანა.

სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარა, განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობის. სწორედ აქ იყო ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის მიერ პირველად ქადაგება ქრისტიანული სარწმუნოებისა, სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, იმ ღირებულებისა, რომელსაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წელს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენთაგანისთვის.

საქართველო არის მთლიანი ერთიანი სხეული, ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებით აღსავსე, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი გვყავს და არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების და არც ჩვენი ტრადიციების მიმართ უხეშ მოქცევას მომხდურის მხრიდან.

ეს არის ჩვენი რაობა, ჩვენი არსი ცხოვრებისა თუ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში და ამას ყველაფერს უზრუნველყოფს და ყოველთვის მედგრად დგას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ვის გარშემოც ვართ გაერთიანებული მთელი საქართველო.

უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში, მინდა ქედი მოვიხადო ჩვენი ზემო აჭარლების მიმართ, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა, თავისი სამშობლოსადმი სიყვარული და დღეს სწორედ ეს პროცესია.

დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელსაც მთელი საქართველო გავდივართ, სწორედ აქ, ჩვენს ზემო აჭარლებთან ერთად უნდა გავიაროთ მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ძლიერები, განვავითარებთ ქვეყანას, მაგრამ მთავარი ყოველთვის არიან ადამიანები, მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში მისი აზრი ცხოვრებისა და ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე, რომ უნდა ვიყოთ ქრისტეს ჯარისკაცები, უფლის საფარ ქვეშ, თუ ასევე დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, უფრო მარტივად დავძლევთ ძნელბედობის ჟამს, უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით, რაც უფრო მეტად დავშორდებით, უფრო მეტი გვექნება გამოწვევაც და ასე ვთქვათ პრობლემებიც. ეს არის ჩვენი ისტორიის მთელი არსებობის გამოცდილება, ეს გვასწავლეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ და სხვა გზაც არ გვაქვს, რომ სხვანაირად მოვიქცეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად ეს განვახორციელოთ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

უდიდესი ბედნიერებაა დღეს თქვენი ხილვა და ამ მართლაც უნიკალურ და გამორჩეულ საქართველოს მხარეში, ამ ბედნიერების გაზიარება, ეს არის დღეს ჩვენი ერის დღესასწაული, მთლიანი საქართველოსი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი სხეული, არ შეიძლება, რომ ის განსხვავებული იყოს და ეს განსხვავებულობა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურა, უნიკალური როგორც ჩვენი ქართული პოლიფონიაა, ასევე განსხვავებული ტრადიციები, ხასიათი, ჩვენი კულტურა და ეს პირიქით აძლიერებს და კრავს ჩვენს მართლაც უნიკალურ ერს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

✕