რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

რატი იონათამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო პრიორიტეტებსა და გეგმებს, მათ შორის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.