რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს „წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დელეგაცია მიიღო

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში რატი ბრეგაძემ ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და დელეგაციას გააცნო ის ინოვაციები და სიახლეები, რომლებიც წინა ვიზიტებისას გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა 2023 წელს მიღებულ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომელიც აწესებს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს და აუმჯობესებს პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულთა უფლებებს.

საუბარი შეეხო „ციფრული უნივერსიტეტის“ ინოვაციას, რომელიც მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება და განივითარონ უნარები ლექტორებთან ყოველდღიური და პირდაპირი ინტერაქციით. აღსანიშნავია, რომ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) „ციფრული უნივერსიტეტი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე ‒ იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში. მოცემული ინიციატივის ფარგლებში, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის 50-მდე სერვისის მიღება 7 პენიტენციურ დაწესებულებაში (№1, №2, №5, №8, №10, №12, №16).

დამატებით, მინისტრმა დელეგაციას გააცნო ახალი სერვისი ‒ ონლაინ კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის/ბრალდებულის სამედიცინო სერვისებზე სწრაფ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, და ინფორმაცია მიაწოდა სააკაძის სასწავლო ბაზის შესახებ, რომელიც პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების გავლის შესაძლებლობას აძლევს. დელეგაციის წევრებს მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს დაბა ლაითურში გახსნილი ახალი პენიტენციური დაწესებულების შესახებ და აცნობა, რომ 2025 წლის დასაწყისში კიდევ 1 ახალი მცირე ზომის დაწესებულება გაიხსნება რუსთავში.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული სხვა ინფრასტრუქტურული სიახლეები, რომელიც, სხვებს შორის, ემსახურება პენიტენციურ სისტემაში დანერგილი „სპორტის სტრატეგიის“ ეფექტიან იმპლემენტაციას. რატი ბრეგაძემ ასევე ისაუბრა მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შორის „რე-მარკეტსა“ და მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის შესაძლებლობებზე.

საქართველოში მიღწეულ პროგრესს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში. CPT-ის დელეგაციის წარმომადგენლები 2 კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, ეწვევიან დახურული ტიპის პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს და დროებითი მოთავსების იზოლატორებს.

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.