რაშიდ მერედოვი: თურქმენეთისთვის საქართველო არის ადგილი, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული ინფრასტრუქტურით და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბია

რაშიდ მერედოვი

მსოფლიოში რა ტენდენციებსაც ვაკვირდებით, გულისხმობს, რომ საჭიროა სწორად გავიგოთ, რათა სათანადოდ ვიმოქმედოთ და ასევე შევქმნათ ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმები და გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები, – ამის შესახებ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

მერედოვის თქმით, რეალური მსოფლიო ეკონომიკის განვითარება კვლავ გრძელდება და მას განსაზღვრავს ოთხი ძირითადი კომპონენტი – ენერგეტიკა, ინდუსტრია, ტრანსპორტი და ვაჭრობა.

„როგორც ენერგორესურსების მწარმოებელი, თურქმენეთი უკვე ბევრი წლის განმავლობაში სანდო და ეფექტურ მარშრუტს აყალიბებს ბუნებრივი გაზის მოწოდების კუთხით. 2005 წლიდან მოყოლებული, თურქმენეთის გაზსადენი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება ენერგორესურსების ნაკადების გადალაგებას, თუ ამას გადმოვიტანთ აბრეშუმის გზის კონტექსტში, თურქმენეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მიმართულებით განვითარება, განსაკუთრებით სტაბილური ენერგოდერეფნის შექმნა, სამხრეთ კავკასიის და ევროპის მარშრუტის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ განვაგრძოთ და განვამტკიცოთ ენერგეტიკის თემაზე დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეზობლებთან. უკვე აღარც არის იმის აღნიშვნა საჭირო და აუცილებელი, რომ ეს პროექტი ემსახურება არა მხოლოდ უშუალო მონაწილეების ინტერესებს, არამედ ასევე წვლილი შეაქვს იმის უზრუნველყოფაში, რომ ზოგადად ენერგოუსაფრთხოება მართლაც დამკვიდრდეს ევრაზიის მთელს რეგიონში“, – განაცხადა მერედოვმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტის მიმართულებით.

„პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს, რომ შეიქმნას ახალი შესაძლებლობები მონაწილე მხარეებისთვის, რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე და ასევე უფრო ინტენსიური გახდეს ვაჭრობა, დამყარდეს აქტიური ეკონომიკური კავშირები. კიდევ უფრო მეტად აქტუალური საკითხი არის შუა ტრანსკასპიური დერეფნის შექმნა. თურქმენეთმა ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს პროცესი უფრო სისტემატური მიდგომით განხორციელებულიყო. მოლაპარაკების შედეგად, რომელიც 2019 წლის მარტში გაიმართა ქალაქ ბუქარესტში, სადაც თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი იღებდნენ მონაწილეობას, მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი და ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს დოკუმენტი საჭიროებს უკვე პრაქტიკულ და კონკრეტულ ქმედებებს“, – განაცხადა რაშიდ მერედოვმა.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო საკითხებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველო.

„დღესდღეობით ეს ქვეყანა არის არა მარტო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ადგილი, საქართველოს როლი გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანია. თურქმენეთისთვის საქართველო არის ადგილი, რომელიც გამოირჩევა სტრატეგიული ინფრასტრუქტურით და ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის ჰაბია. ის არის შავი ზღვის ტრანსკონტინენტური ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყანა. დღევანდელი დღის წესრიგი უკვე სცდება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის გაძლიერებას და ასევე რეგიონულ პარტნიორობას. ამჟამად, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ შევქმნათ ფუნდამენტურად ახალი არქიტექტურა, რათა აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს შორის ურთიერთობა დამყარდეს ახლებურად. აქ კასპიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობა იქნება ძირითადი და მამოძრავებელი ძალა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ვაჭრობა, ლოგისტიკა. ამ მიზნით, თურქმენეთი მზად არის იმუშაოს თავის პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს სატარიფო და საბაჟო პროცედურებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი ნამდვილად შექმნის საფუძველს პროგრესისთვის და სამომავლო გეგმებისა და პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა მერედოვმა.