„რასაკვირველია, ამის უკან არ უნდა გამოვრიცხოთ კონსპირაციული გეგმა, რომელიც არ შეცვლილა დღიდან პირველი რეზოლუციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს“ - გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის ანგარიშზე

გიორგი ვოლსკი

ევროპარლამენტარების მოწოდებას საქართველოს ოპოზიციისადმი, გამოიყენოს თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონსპირაციული გეგმის არსებობა არ უნდა გამოირიცხოს.

„რასაკვირველია, ევროპარლამენტის ეს დამოკიდებულება არ უნდა ამოვიღოთ კონტექსტიდან. იქნებოდა ნორმალური იმ შემთხვევაში, თუ ნორმალური ურთიერთობა განვითარდებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. მნიშვნელობა არ აქვს რას მოუწოდებენ, მნიშვნელობა აქვს იმას, რა ხდება. ერთია, რასაც წერ, მეორეა რასაც გულისხმობ. რასაკვირველია, ამის უკან არ უნდა გამოვრიცხოთ ბნელი კონსპირაციული გეგმა, რომელიც არანაირად არ შეცვლილა დღიდან პირველი რეზოლუციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს, არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს წინააღმდეგ. ამოცანა კვლავ ერთია, საქართველო უნდა იყოს მარიონეტული რეჟიმით მართული, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებ ამ ტურბულენტურ ვითარებაში,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.