რამდენიმე წელია, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან პირდაპირ ხდება საქართველოში კანონის დარღვევის წახალისება, რაც ქართველ ხალხში უარყოფით რეაქციას იწვევს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან და მათი სტრუქტურებიდან პირდაპირ ხდება საქართველოში კანონის დარღვევისა და უგულებელყოფის წახალისება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა.

„არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და მისი საწინააღმდეგო არგუმენტები არ ჰქონდათ, მაგრამ თურმე არჩევნების შედეგები მელიას თუ არ მოეწონა, არ უნდა აღიარონ და სალომე ზურაბიშვილს თავი დღესაც თუ პრეზიდენტი ჰგონია, ამას კვერი უნდა ვურტყათ. ეს არის, როცა კანონებზე, დემოკრატიაზე თავდასხმის წახალისება ხდება. იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხში ეს შეტევა უარყოფით რეაქციას იწვევს და ფიქრობენ, რომ ნაქები დემოკრატია პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად გამოიყენება, დემოკრატიის აზრის დისკრედიტაცია ხდება. ეს სამწუხაროა და ამის მოწინააღდეგე ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.