რამდენიმე ათეული ადამიანი როდესაც კეტავს მოძრაობას, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია, დაკავებასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან იყო ძალის გადამეტება - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

რამდენიმე ათეული ადამიანი სადაც კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, პროპორციის ნაწილში, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე პოლიციის ქმედებებს, იოსელიანის შეფასებით პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

„პროპორციულობას როდესაც ვაფასებთ, აქედან გამომდინარე ვამბობთ, სად იყო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და სად იყო დაცული ძალა პროპორციულად. იქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კეტავს მოძრაობას, რა თქმა უნდა, პროპორციის ნაწილში, მათი გზიდან გადაყვანა ლეგიტიმურია. რაც შეეხება დაკავებას და პოლიციის ქმედებებს, ამ შემთხვევაში მელიქიშვილის გამზირზე ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით გავავრცელეთ განცხადება და შევაფასეთ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მას შემდეგ, რაც აქციაზე ადამიანების დაკავება დაიწყო და ამის შესახებ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩვენმა წარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში. დაკავების ყველა შემთხვევაზე შესაბამისი საოქმო ჩანაწერი გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევებს.

იოსელიანის თქმით,  მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა დაუშვებელია.

„მედიას თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა ან საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და საზოგადოების გასაგებად ვიტყვი, რომ ნებისმიერი ხელშეშლა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს მელიქიშვილის გამზირზე. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.