რადოსლავ სიკორსკი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავს უნგრეთში გამგზავრების დროს იძულებით დაშვება მოსთხოვონ, თუ ის პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი უნგრეთში გამგზავრების დროს მათ საჰაერო სივრცეს თუ გადაკვეთს, თვითმფრინავს იძულებით დაშვებას მოსთხოვენ.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აღნიშნავს, მათ არ აქვთ იმის გარანტია, რომ პოლონეთის დამოუკიდებელი სასამართლო, არ დაავალდებულებს პოლონეთის ხელისუფლებას, დააკავოს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ვლადიმერ პუტინი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა მიმდინარე წლის თებერვლიდან შეზღუდულია, რის გამოც, აქტიურად განიხილება საკითხი, თუ რა მარშრუტით აპირებს ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამიტზე ბუდაპეშტში ჩასვლას.

რადოსლავ სიკორსკის თქმით, ეს შესაძლოა, თურქეთის, მონტენენგროსა და სერბეთის საჰაერო სივრცეების გადაკვეთით მოხდეს.

ამასთან, სიკორსკის თქმით, აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ ევროკავშირის წევრი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე ვალდებულების მქონე ქვეყანა – უნგრეთი ეპატიჟება პუტინს. მისივე განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ უნგრეთი დასავლეთის ნაწილად არ წარმოაჩენს თავს.