ქვეყანას იმაზე ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე იმის განხილვა, ვინმეს სტატუსი აკმაყოფილებს თუ არა ეთიკურ თუ ესთეტიკურ სტანდარტებს - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის პოსტზე

ირაკლი ფავლენიშვილი

საფრანგეთის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც თან დაურთო ბაია პატარაიას კომენტარი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ასევე გამოაქვეყნა 6 მარტს "საფარის" ოფისში საფრანგეთის ელჩის სტუმრობის ამსახველი ფოტო.

"ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს, რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სტატუსებზე გამოხმაურება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, ვინაიდან ქვეყანაში ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები არსებობს.

"კონკრეტული ადამიანის სტატუსებზე კომენტარის კეთება არ მგონია სერიოზული იყოს, ქვეყანას ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა აქვს და არა ის, ვინმეს სტატუსი ეთიკურ თუ ესთეტიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.