ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, გვაქვს უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯი, რეფორმები და ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს ვერავინ, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ყველას აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ადრინდელი პერიოდისგან განსხვავებით, როცა ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრებების ჩახშობას. კალაძის თქმით, ქვეყნის განვითარებას ვერავინ შეაჩერებს.

კახა კალაძე დღევანდელ მსვლელობას და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ეგეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება, უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული მოსაზრებები ჩაეხშოთ და შეეზღუდათ ეს ყველაფერი. დღეს ქვეყანაში გვაქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა, გვაქვს უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯი, განხორციელებული რეფორმები და ამ ყველაფერს ვერავინ შეაჩერებს, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები. ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, რაც უნდა აგენტები შეიკრიბონ და ის მოღალატეები, ვისაც სურს, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და გვქონდეს იგივე მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ეს არ მოხდება, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორებს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, არიან ზუსტად ეს ადამიანები და ის სამწუხარო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და არა ის სიბინძურეები, რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კატეგორიულად მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეებს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებდნენ და ამის „შემოტენვას“ ცდილობდნენ საზოგადოებისთვის. თურმე, ის იყო ნორმა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა და ფურცელზე დაწერილი ჩვენება შეგეჭმია, გადაესკოჩათ, გაეუპატიურებინათ და ეს იყო დემოკრატიის შუქურა. მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის დემოკრატიით შენიღბვასაც ცდილობენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.