ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ხელისუფლება და ქვეყანა საგარეო კურსს არ ცვლის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, საქართველო აპირებს, დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს.
„ჩვენ ვაპირებთ, დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ, მაგრამ მიუღებელია, რომ როგორც კანდიდატის მინიჭების პროცესი გახდა ბრძოლის იარაღად, ახლა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იყოს გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის. სამწუხაროა, რომ დაკვეთა შევასრულეთ – არ უნდა წაგვეკითხა და ისე გაგვეპროტესტებინა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. სამწუხაროა, რომ პრემიერის მიერ ქართულ ენაზე გაკეთებული განცხადება ევროკავშირის ელჩმა ისე თარგმნა, როგორც აწყობდა. რა თქმა უნდა, ესეც ისევ წაუკითხავად გავაპროტესტეთ. ანუ, გარე დაკვეთები შევასრულეთ და ქვეყანაში უსაფუძვლო აურზაური შემოვიტანეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.