ქართველიშვილი „MEGOBARI აქტზე“: გაუგებარია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში სწორედ რომ ამერიკულ ინტერესებს იცავდა, რომელმაც სისხლიანი ხარკი გაიღო ამ ოპერაციებში

დავით ქართველიშვილი

არამეგობრული აქტის მიღება-არმიღების ისტორიაში ჩემთვის მთავრი არის ის, რომ ტრამპი და ახალი ადმინისტრაცია იმყოფება „დიფ სთეითის“ ტყვეობაში, რომლის დამარცხებით თუ დასუსტებით წარსდგა თავისი ამომრჩევლისა და მსოფლიოს წინაშე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, ის მიდგომა, რაც არამეგობრულ აქტშია ჩადებული საქართველოსთან მიმართებით, გაუგებარია.

„გაუგებარია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ამერიკული, საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში სწორედ რომ ამერიკულ ინტერესებს იცავდა, წარმოუდგენელია საქართველოსთვის, რომელმაც სისხლიანი ხარკი გაიღო ამ ოპერაციებში. უდიდესი წილი, აი ამ სისხლიანი ხარკისა გაღებული იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში. თუკი „ქართული ოცნება“ აპრიორი იყო აშშ-ისთვის რუსული თუ ჩინური, მაშინ როგორ გვენდობოდნენ მათთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში?!

დღეს საქართველოს ფარავს არა იმდენად ჩრდილოატლანტიკური თუ რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგა, საქართველოს ფარავს ის საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც ცდება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის თუ საქართველოს ინტერესებს და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ პრაგმატიკოს პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს 6 მაისს დაუჭირა მხარი.