1739342153
ქართველი ხალხის ნებას ვიდრე არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება - დავით მათიკაშვილი
![დავით მათიკაშვილი დავით მათიკაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2023/06/13/54688/davit-matikashvili_w_h.jpeg)
ქართველი ხალხის ნებას ვიდრე არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, აბსურდზე დამყარებულ რეზოლუციას ფასი არ აქვს.
„რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც, რეალურად, აბსურდზეა დამყარებული, უგულებელყოფილია მილიონ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ნება-სურვილი, სადაც პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია აღიარებული? რა საჭიროა, ასეთი დამოკიდებულება? – პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად, რადგან, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. მას დაარქვან ისევ „დემოკრატიის შუქურა“ და იმ აბსურდში იცხოვრონ, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ცდილობს, თავს მოახვიოს არა მხოლოდ საქართველოს და ამის თაობაზე არაერთ განცხადებას ვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან. „დიფ სთეითთან“ ბრძოლის რკალი ვიწროვდება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრძოლის ცეცხლი დაანთო, ის ევროპულ ბიუროკრატიამდე აუცილებლად მივა. მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაც ამერიკაში ხდება, გამარჯვებისთვის არის გათვალისწინებული. ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ, რომელზეც, სამწუხაროდ, აგებულია დღევანდელი ევროპარლამენტი – ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თეთრზე შავი დაწერონ, სააკაშვილი ტანჯულად და მსხვერპლად მონათლონ და ქვეყანა კვლავ ძალმომრეობის ქვეშ ამყოფონ. ვიდრე ქართველი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროპარლამენტში „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით იყო წარდგენილი, მათიკაშვილის შეფასებით, ამ პროექტის შინაარსი საინტერესოა.
„რეზოლუციის პროექტის შინაარსი საინტერესოა. ეს არის პარტია, რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს. პროექტში რაციონალური და საღი აზრია გადმოცემული, რისგანაც ევროპარლამენტი დაცლილია, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. „დიფ სთეითმა“ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და უმრავლესობამ ანტიქართულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ბუნებრივია, პროქართული რეზოლუციის შინაარსი საინტერესოა. ეს არის რეალობა, რომელზეც ევროპელი ბიუროკრატები ასე ჯიუტად ცდილობენ, თვალი დახუჭონ. საქართველოში ქართველმა ხალხმა მიიღო არა ის გადაწყვეტილება, რაც სტრასბურგსა და ბრიუსელში სურთ, არამედ ის, რაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში სურთ. ხელისუფლების ფორმირება სწორედ მათ მოახდინეს. ეს გადაწყვეტილება ევროპელ ბიუროკრატებში ვინმეს თუ არ მოეწონება, ხელისუფლების შეცვლა მათ ნება-სურვილზე ვერ მოხდება. ამას უნდა მიეჩვიონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.