ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ ქვეყანაში, თუმცა, როგორც შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას - ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროკავშირის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, „ეს კანონი თუ საბოლოოდ მიიღეს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ექნება თუ არა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შანსი“.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლედერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში, ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, უნდა მოუსმინოს თუ არა საქართველოს მთავრობამ პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა:

„მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ჩემი როლი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში რჩევის მიცემა. ქართველების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ მათი ქვეყნისთვის. ჩემი როლია, წარმოვადგინო, რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობას, რა სარგებელს მოუტანს ეს ქართველ ხალხს და ასევე, წარმოვადგინო აქ, საქართველოში მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებების შედეგები. თუმცა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საქართველოში ქართველების მიერ, არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის, რომ ყოფილიყვნენ სრულად თავისუფლები და გადაწყვეტილებები მიეღოთ თავიანთი მომავლის შესახებ თავად და არა სხვებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.