„ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატი ალექსი ფიცხელაური: თითქმის ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი, რამდენიმე ახალი ბაღი აშენდა, გზები გავიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა სამანქანო გზა, ტურისტების მზარდმა ნაკადმა გამოიწვია ის, რომ უკვე 80-ზე მეტი სასტუმრო და „გესთჰაუსი“ გვაქვს

ალექსი ფიცხელაური

თითქმის ყოველწლიურად იზრდება მერიის სოციალური პაკეტი. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ის დახმარება, რაც ჩვენ ხელისუფლებისგან გვქონდა თუ ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, ეს სიკეთე ყველა მოსახლემდე მიგვეტანა. რამდენიმე ახალი ბაღი აშენდა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად მეორე ვადით წარადგინა. 

მოქმედმა მერმა, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაციამ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას შეუწყო ხელი, ტურისტების მზარდმა ნაკადმა კი, მუნიციპალიტეტში სასტუმროებისა და „გესთჰაუსების“ რიცხვის ზრდა განაპირობა. ფიცხელაურის თქმით, მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. 

„გაკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახმეტა-თიანეთის გზას, რამაც საშუალება მოგვცა, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნის. ამის ფარგლებში განხორციელდა ერთი პროექტი - იცით, რომ გვაქვს ციხე-ქალაქი კვეტერა, რომელთან მისასვლელი ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა. ტურისტულ მარშრუტში შედის ასევე ბახტრიონი, რომელიც ისტორიული ადგილია. ეს პროექტი მომავალი წლიდან უნდა გაგრძელდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუშეთი, იმიტომ, რომ თუშეთი ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა ჩვენი მუნიციპალიტეტის და ჩვენი ქვეყნისთვის. თუშეთში, მთავრობის ხელშეწყობით, ცენტრალური გზის 100-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელმაც მესამედით შეამცირა თუშეთში ასვლის დრო. ამასთან, კეთდება უსაფრთხოების მზღუდავები. გზები გავიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა სამანქანო გზა, ერთ-ერთია ივანაურთას ხეობა, რომელიც ულამაზესია და ძალიან მიმზიდველია ტურიზმისთვის და ხელს უშლიდა უგზოობა, ის ისტორიული სახელები, რომელიც იქ იყო, ფაქტობრივად მოუვლელობით იშლებოდა. ტურისტების მზარდმა ნაკადმა გამოიწვია ის, რომ უკვე 80-ზე მეტი სასტუმრო და გესთჰაუსი გვაქვს. 

მუნიციპალიტეტში გამოწვევები კიდევ გვაქვს, ეს შეეხება სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას, ასევე ახმეტის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციას. ამასთან ერთად, საპროექტო სამუშაოები ცოტა გაიწელა, მაგრამ გავედით ბოლოში და ახმეტაში წელს უკვე დაიწყება იპოდრომის მშენებლობა.“ - განაცხადა ალექსი ფიცხელაურმა.