სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს გირაო შეუფარდა
1761302328
პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს - 1 მილიონ ლარს და საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას ითხოვს
„საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს - 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.
17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.