პროფესორი დენიელ დრეზნერი: საქართველოს ადგილას დონალდ ტრამპისთვის კეთილგანწყობილების მაჩვენებელ, ახალ ნაბიჯებს გადავდგამდი, რათა მას მიაჩნდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში მას ძალიან აფასებენ

დენიელ დრეზნერი

საქართველოს ადგილას დონალდ ტრამპისთვის კეთილგანწყობილების მაჩვენებელ, ახალ ნაბიჯებს გადავდგამდი, რათა მას მიაჩნდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში მას ძალიან აფასებენ, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში ფლეტჩერის იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებლის პროფესორმა, ბრუკინგის ინსტიტუტის მკვლევარმა, დენიელ დრეზნერმა.

მანამდე ლაშა კასრაძემ დრეზნერს კითხვით მიმართა, თუ როგორ შეიძლება, საქართველომ დაცვის გარანტიები მიიღოს.

„მიმაჩნია, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი მუდამ დაყოფილი იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, სწორედ ამ გეოგრაფიული და ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით მსურს, გკითხოთ საქართველოს თაობაზე. მსგავსი მცირე და დაუცველი სახელმწიფოებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მარტივად შეუძლია, მათ უარი უთხრას გარანტიებზე, ნატოს წევრობაზე.

ვიცით, რა მოხდა ბუქარესტში 2008 წელს, ამას მოჰყვა აგვისტოში სრული კატასტროფა საქართველოსთვის, ეს ომი ყველამ მიივიწყა. დიდი მოთამაშეებისგან ეს არავის უკვირს, ამ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და თეორიებზე ბევრი ჩაძიების გარეშეც ნათელია, რომ ამ კონფლიქტმა საქართველოსთვის სამკვდრო საფრთხის სახე მიიღო, შესაძლებელი იყო თბილისის დაცემა და არავინ არაფერს იტყოდა.

წინ თუ გავიხედავთ, ამერიკაში ახალი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებათა ფონზე, რა უნდა იღონოს საქართველოს მსგავსმა ქვეყანამ. გვაქვს პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მაგალითად, მე მხარს ვუჭერ, ეს სახელმწიფოებრივი თვითგადარჩენის ინსტინქტია და კრიზისიდან გამოსავალია მოსაძებნი. საინტერესოა, თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?“, - მიმართა ლაშა კასრაძემ დენიელ დრეზნერს.

თავის მხრივ, ფლეტჩერის იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებლის პროფესორმა „სფეროს სტრატეგიაზე“ ისაუბრა და ახსნა, თუ რას წარმოადგენს ის.

„საქართველო ისეთ ვითარებაშია, რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი გესაჭიროებათ, აუცილებელია ახალი მტრების შეძენისგან თავის არიდებაც. მართალია, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა და საინტერესოა, რა იქნება თავად ნატო ტრამპის ეპოქაში. დონალდ ტრამპი ნამდვილად არ აპირებს ალიანსის მეხუთე მუხლის ნატოს წევრობის შემთხვევაშიც კი საქართველოსთვის ამოქმედებას. საქართველოს ადგილას მე გავიხსენებდი „სფეროს სტრატეგიას“.

გახსოვთ, დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტი პირველი გაპრეზიდენტების შემდეგ სად შედგა? ის საუდის არაბეთს ეწვია, მაშინ ვიხილეთ დიდი ზეიმით მისი დახვედრა. თუ გახსოვთ ფოტო, სადაც ტრამპი საუდის არაბეთის ლიდერთან ერთად არის აღბეჭდილი, სადაც მათ ორივეს, სფეროზე აქვთ ხელი დადებული.

ტრამპი შესაბამისად რეაგირებს იმ პომპეზურ ღონისძიებებზე, რომელნიც ხაზს უსვამენ, თუ რამდენად გენიალურია დონალდ ტრამპი. გავიხსენოთ პოლონეთი მისი პირველი პრეზიდენტობისას. პოლონელები ტრამპის პატივსაცემად ციხესიმაგრის აშენებასაც აპირებდნენ, ტრამპს ეს ძალიან მოეწონა, შედეგად კი პოლონეთმა თავი ტრამპის პერიოდშიც კი საკმაოდ უსაფრთხოდ იგრძნო ნატოს რიგებში.

საქართველოს ადგილას დონალდ ტრამპისთვის კეთილგანწყობილების მაჩვენებელ, ახალ ნაბიჯებს გადავდგამდი, რათა მას მიაჩნდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში მას ძალიან აფასებენ. ეს არ ნიშნავს რომ საპასუხოდ ტრამპი უსაფრთხოების გარანტიებს გასცემს, მაგრამ ტრამპის მხრიდან ყურადღების შემთხვევაში, იკლებს სხვა დიდი სახელმწიფოების მიერ თქვენი დაჩაგვრის მცდელობა. ვიცი, რომ ეს არ არის იდეალური სტრატეგია, მაგრამ დონალდ ტრამპის შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე სწორედ ამას გირჩევდით“, - განაცხადა დენიელ დრეზნერმა.

ამასთან, ლაშა კასრაძემ დასძინა, რომ „ტრამპის მიმართ გატარებული ჭკვიანური პოლიტიკა ლოგიკურია, მთელი მსოფლიო გახლავთ დამოკიდებული მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“.