1753194847
პრემიერი: თვითმმართველობის არჩევნები არის ჯანსაღი არჩევნები, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს მასში კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკური შინაარსის არჩევნებად არ ითვლება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის - იზრუნო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგებაზე და ა.შ. არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა, რადგან ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც, ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები, მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა დელეგიტიმაციის აღქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მასში კონრკეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არმონაწილეობა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, რომელთა წარმომადგენლებიც არიან დღეს საპატიმროში, ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის ხაზარაძე და ჯაფარიძე. როცა კონკრეული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს მარტივი მანიპულაციაა, მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ხაზარაძე-ჯაფარიძე. მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იგივე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა ეგ როგორ გინდა, თან პირდაპირ, უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაიდინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.