პრემიერი: საქართველოს კეთილდღეობაზე ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

პრემიერი

საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. სწორედ ასეთია დღეს ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკა.

როდესაც ამ ყველაფერს ერთობლიობაში შევხედავთ, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები და ინსტიტუტები, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენას განიცდიან, უპირველეს ყოვლისა, მიღებული დავალების და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

აქ მთავარი არის არა ის, ვეთანხმებით თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ის, რომ ამ მაგალითებით კიდევ ერთხელ ნათლად დასტურდება სახელმწიფოთა ქცევის მთავარი პრინციპი – ნებისმიერი სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამ ყველაფრის შედეგად კი ჩნდება რიტორიკული კითხვა – შეიძლება თუ არა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?!

პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახაა – საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია“, – განაცხადა პრემიერმა.