პრემიერი: საჯარო მოსამსახურე, როდესაც ჩადის კორუფციულ დანაშაულს, უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება

ირაკლი კობახიძე

საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, როდესაც ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება შესაბამისად, მოპარული ფულის გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირადად იყო ჩართული ამ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში.

„ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც დაწყებული გვაქვს ჩვენ კორუფიციის წინააღმდეგ. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ზომები მიღებული, მათ შორის ეს არ ეხება კონკრეტულად ვიღაცის დაკავებას, დაპატიმრებას. ჩვენ მთლიანად გავასაჯაროეთ მთავრობის გადაწყვეტილებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს ათიათასობით აქტს, რომელიც ქვეყნდება, წელიწადნახევრის განმავლობაში. ათი ათასობით აქტია გამოქვეყნებული, თუ ერთ აქტში მაინც ნახავენ კორუფციის ნიშნებს, შეუძლიათ, დასვან კითხვები და მიიღებენ შესაბამის პასუხებს. ჩვენ ჩავკეტეთ მთლიანად ქონების პირდაპირი წესით გაყიდვის პრაქტიკა, რაც იყო კორუფციის რისკების შემცველი. ბევრი სხვა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა ჩვენი საქმიანობა, იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი გამხდარიყო პროცედურები. ინფრასტრუქტურის ნაწილში, გუშინაც გვქონდა შეხვედრა შესაბამის კომპანიებთან, ყველას ძალიან მკაფიოდ დავუფიქსირეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპს, რამაც უნდა გაზარდოს ხარჯთეფექტიანობა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით და ასევე უნდა გაზარდოს ხარისხი. ხარისხში, მათ შორის სათანადო ვადებში განხორციელება იგულისხმება, ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. როდესაც საჯარო მოსამსახურე, მათ შორის პოლიტიკოსი, ჩადის კორუფციულ დანაშაულს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ვადით, სავარაუდო პატიმრობის მოხდით, მას დასჭირდება დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახსრების დეკლარირება და გაუჭირდება შესაბამისად, მოპარული ფულის გამოყენება. პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს ამ კანონპროექტს და ამისათვის არის ინიცირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.