პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე: როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში

ირაკლი კობახიძე

როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა - “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

„მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის.1946 წლის გაეროს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაჰპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2-ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში,“- განაცხადა პრემიერმა.