პრემიერი: „დიფ სთეითის“ მესიჯებს რომ გავყვეთ, მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა, სინამდვილეში მარტივია სპეკულაცია - გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს აღქმაში მტრის ხატს უკავშირებ

ირაკლი კობახიძე

„დიფ სთეითის“ მესიჯებს რომ გავყვეთ, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი და უხეში, გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც საზოგადოება კარგად აფასებს, შესაბამისად, მას „დიფ სთეითისთვის“ სასურველი ეფექტი ვერ მოაქვს.

„გახსოვთ, 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში თავისი პატიმრების წამებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ უამრავი დანაშაული, მედიის მონოპოლიზება, დაყაჩაღება და ა.შ. მსგავსი არაფერი ხდება უნგრეთში და ამ დროს უნგრეთი მოიხსენიება, როგორც დიქტატურა, პრორუსული სახელმწიფო. ამ დროს საქართველოში რა ხდებოდა 2012 წლამდე - მთელი ეს უბედურება, დემოკრატიის ხელყოფა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, რუსეთისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება და ამ დროს ეს ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა და ანტირუსული ხელისუფლება, როდესაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა. ეს იყო ტერიტორიული გავლენა, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა სწორედ მაშინ, 2004-2012 წლების განმავლობაში, 2008 წელს და ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია.

გახსოვთ უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი მიჰყიდეს წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას და რუსულ კომპანიებს. უამრავი ფაქტის მიუხედავად, წინა ხელისუფლება იყო ანტირუსული და დემოკრატიის შუქურა. ახლა არის სრულიად განსხვავებული ფაქტები, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ერთადერთ რამეს, ეს არის ეროვნული ინტერესები, ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთს საკუთარი გავლენა ჩვენს ტერიტორიაზე არ გაუფართოებია, არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური კუთხით. ეს არის მშრალი ფაქტები. ყველაფერი დანარჩენი არის „დიფ სთეითის“ დადგმული სპეკულაციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გეოგრაფიული არეალი პრაქტიკულად შეუზღუდავია. თქვენ რომ დაუჯეროთ „დიფ სთეითს“ და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, როდესაც საუბარია გავლენიან ძალებზე, რომ ავიღოთ წამყვანი ოპოზიციური ძალები, საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი, უნგრეთში მთელი ხელისუფლება ყოფილა პრორუსული, სლოვაკეთში, სერბეთში და ა.შ. საფრანგეთთან ერთად არის დასავლეთ ევროპის უამრავი ქვეყანა, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია ასევე მოიხსენიება, როგორც პრორუსული, რუსეთის აგენტურა და ა.შ. აფრიკა, ჩინეთი, აზია, ლათნური ამერიკა და ა.შ, რომ გავყვეთ „დიფ სთეითის“ მესიჯებს, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ამერიკა რუსეთის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლამის რუსეთმა მოიყვანა თავისი ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოჰყავთ. სინამდვილეში არის მარტივი სპეკულაცია - შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. უმარტივესი გებელსისეული მეთოდია, შენი ოპონენტი უნდა დაუკავშირო მტრის ხატს და დანარჩენი არც არგუმენტები, არაფერია საინტერესო, უბრალოდ აგენტურამ ეს სიტყვა უნდა იმეოროს მუდმივად. ეს არის ერთადერთი, რაც ძალას აძლევს ამ პროპაგანდას. შენ გყავს აგენტურა და ამ აგენტურამ არაფერი არ უნდა იძახოს, გარდა რუსულისა. გახსოვთ იგივე დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“. რაიმე შინაარსში შევიდა ვინმე? არაფერი, იძახეს რუსული კანონი და მორჩა. შინაარსი არავის აინტერესებდა. აქაც იგივეა. არჩევნების შედეგები არ მოეწონათ და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, ეს ხომ ძალიან უხეში და მარტივი, გებელსისეული პროპაგანდაა. საზოგადოება, რაც მთავარია, ამას არ ყიდულობს. საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროპაგანდას თავისი ძალა აქვს, საბოლოო ჯამში, მაინც არ აქვს ის ეფექტი, რაც „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ სურს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.