პრემიერი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4%, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას

ირაკლი კობახიძე

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3 პროცენტით იზრდებოდა და ეს დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა, რადგან წელსაც პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9 პროცენტს მიაღწია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4 პროცენტი.

„როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს.მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021–2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე ამყარებს მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება. თუმცა, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

✕