პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს შესთავაზა, გაეზიარებინა გზავნილი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისთვის, თუმცა ამაზე უარი ითქვა, როგორც ჩანს, მიზანი იყო გაეზიარებინა არა აშშ-ის, არამედ „დიფ სთეითს“ გზავნილი

ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო , გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის იმ დანაყოფიდან, რომელიც კვლავ „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის დღეს შანტაჟის ქვეშ, მის წინააღმდეგ გამოიყენება პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები, სანქციები, მანამდე კი იყო დე-ფაქტო სანქციები - ფინანსების გაჩერება შვეიცარულ ბანკში.

„რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს, ჩვენ არ ვართ არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ, ჩვენთვის ბუნებრივია, გაუგებარი უნდა იყოს, რატომ თქვეს ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემაზე და გაზიარებაზე. ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე, ამის პრობლემა არ იყო. რატომ თქვეს უარი, აქ პასუხი მარტივია. ჩვენ რა ლოგიკაც გვაქვს, ეს არის ძალიან საფუძვლიანი. ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟს ქვეშ, პრემიერ-მინისტრი არ არის შანტაჟის ქვეშ, კონკრეტულ ადამიანებს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს, ჩვენი ძალიან მარტივი და ცხადი ლოგიკით, სურდათ ამ გზავნილის გადაცემა მაინცდამაინც იმ ადამიანისთვის, რომელიც სწორედ რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფება, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ შესთავაზა ელჩს, რომ გაეზიარებინა ეს გზავნილი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისთვის, თუმცა ამაზე უარი ითქვა.

„რა ახსნა შეიძლება, ჰქონდეს ამას - თუ გზავნილის მიტანა გინდა მთლიანად ხელისუფლების ლიდერებამდე, ბიძინა ივანიშვილამდე, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებამდე, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია, მიხვიდე პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობის პირთან და შეგიძლია, ეს გზავნილი გააზიარო. მაგრამ განსხვავება ეს იყო, რომ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვები არ იმყოფებიან არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და როგორც ჩანს, მიზანი ეს იყო, რომ სწორედ იმ ადამიანისთვის გაეზიარებინა არა აშშ-ის, არამედ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითს“ გზავნილი, რომელიც სწორედ შანტაჟის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.