1790884478
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტაჟირებას 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
დღეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ შეხვედრა გამართა 2026 წლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც საქპატენტში საქმიანობა 2023 - 2025 წლებში სტაჟირებით დაიწყეს და დღეს სხვადასხვა პოზიციაზე არიან დასაქმებულნი.
შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ სტაჟიორებს გააცნო საქპატენტის სამუშაოს სპეციფიკა დარგების მიხედვით. ასევე ილაპარაკა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ, მათ შორის გამოგონებაზე პატენტების მიღებასა და საქპატენტში საპატენტო განაცხადის პროცედურების გავლის თაობაზე. სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ სამართლებრივი დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების პროექტების შესწავლა-დამუშავებაში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადებაში, გაეცნობიან საქპატენტის მომსახურების სფეროში დანერგილი სერვისების თავისებურებებს.
ის ახალგაზრდები, რომლებიც სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ საქპატენტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარებს, მიიღებენ შესაძლებლობას მომავალში დასაქმდნენ საქპატენტში.











