1692302192
პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთოს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს.