პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

 ირაკლი კობახიძე

 პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბაქოში დღეს იხსნება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია რომელიც 11-13 ნოემბერს ტარდება, ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

საქართველოს დელეგაციაში ასევე არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.