პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა

ვიცე

 პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა. შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კორპორაციის პრიორიტეტები საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, დაკავშირებადობა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარება, ასევე იმსჯელეს ისეთი პროექტების მხარდაჭერაზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის როლს გაზრდის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მეტად განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.