1769284719
"პირველი ხელშესახები შედეგი უნდა იყოს ფასების დაწევა" - ეკა სეფიაშვილი პროდუქტზე ფასების შემცირებაზე
ფასების შემცირება პროდუქტებზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ხვალიდან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო კომისიის შეხვედრები განახლდება. მიმდინარე კვირას პრემიერი და კომისიის წევრები მწარმოებლებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდებიან.
ირაკლი კობახიძე უკვე ესაუბრა მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, მხარეები თანხმდებიან, რომ ბაზარზე ფასების დარეგულირებისთვის სივრცე არსებობს, რისთვისაც კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
მიზანი მოქალაქეებისთვის სოციალური წნეხის შემსუბუქებაა. მმართველ გუნდში ასახელებენ თარიღსაც, დაახლოებით სამ თვეში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდება. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
საკოორდინაციო კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, თავდაპირველად სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა საკვლევი სფერო გაფართოვდა და პროდუქტებთან ერთად, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, პროცესის პირველი ხელშესახები შედეგი პროდუქტზე ფასების დაწევა უნდა იყოს.
"ფასწარმოქმნის პროცესის შესწავლა ხდება ყოველმხრივ, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით, ასევე დოკუმენტებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი მასალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუს-მა ეს მასალები გამოითხოვა ბიზნეს ოპერატორებისაგან.
პირველ რიგში, ეს იქნება ფასების დაწევა, პირველი ხელშესახები შედეგი ეს უნდა იყოს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოვავლინოთ ის სისტემური დარღვევები, რომლებიც ფასწარმოქმნის პროცესშია და ამ ყველაფერს მივუსადაგოთ ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მომავალშიც დაიცავს მოსახლეობას ასეთი არასამართლიანი ფასწარმოქმნისაგან და მონოპოლისტების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან", - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.











