პარტია „დემოკრატები 66“ ნიდერლანდების ვადამდელ არჩევნებში ლიდერობს

dr

ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური პარტია „დემოკრატები 66“ (D66) ლიდერობს 27 სადეპუტატო მანდატით. ამის შესახებ ტელერადიოკორპორაცია NOS-მა ეგზიტპოლის პირველ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

გერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტია“ (PVV) მეორე ადგილზეა 25 მანდატით.

ნიდერლანდების პარლამენტში 150 ადგილია. აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 76 სადეპუტატო მანდატი სჭირდება. ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფრაგმენტაციის (პარლამენტში ათზე მეტი ფრაქციაა წარმოდგენილი) გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს. შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის მრავალპარტიული კოალიციის შექმნა გახდება საჭირო.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხუფმა ივნისში მეფეს კაბინეტის გადადგომის თხოვნით მიმართა.

ეს მოხდა „თავისუფლების პარტიის“ (PVV) ლიდერის, გერტ ვილდერსის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სამთავრობო კოალიცია დატოვა. კოალიციიდან პარტიის გასვლის მიზეზი მიგრაციული პოლიტიკის საკითხებზე არსებული უთანხმოება გახდა.