პარლამენტში როცა არ დადიხარ და არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს შესაბამის შედეგებს მოიტანს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

როცა არ დადიხარ, არ მუშაობ, არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს შესაბამის შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ საპროცედურო კომიტეტი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას მომავალი კვირისთვის გეგმავს.

ვოლსკის თქმით, რეგლამენტის დარღვევაზე კონკრეტული ზომები უნდა იყოს მიღებული.

„მანდატების შეჩერებას რომ არ დავეთანხმო, არგუმენტი არ მაქვს, რადგან რეგლამენტი არსებობს. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოვადგენ. რეგლამენტს არღვევენ და კონკრეტული ზომები უნდა იყოს მიღებული. ერთი სხდომა გავაცდინე, შესაბამისი დასაბუთება ვერ მოვიტანე და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს. ეს მცირე სასჯელია, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებების გარკვეული შესაბამისობა იმ ვითარებასთან, რომელიც პროცესის განმავლობაში ყალიბდება. როცა არ დადიხარ, არ მუშაობ, არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს შესაბამის შედეგებს მოიტანს. საპარლამენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით სხვა მექანიზმები არსებობს. როდესაც ადამიანის დანაშაული, ფაქტობრივად, დადასტურებულია შეიძლება, იმუნიტეტი შეუჩერო ისე, რომ რეგლამენტშიც სხვა მოთხოვნები შეასრულო. მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმ შესაძლო დანაშაულს, რომელიც მას აქვს ჩადენილი. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სხვა მექანიზმები. შეიძლება ის იყოს გამოყენებული, მაგრამ რამდენად დამნაშავეა, ეს პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ რამდენად არგუმენტირებული მასალებიც არ უნდა დავდოთ, საბოლოოდ, ეს გამოძიებამ და შემდეგ სასამართლომ უნდა თქვას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.