პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო შეღავათი 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება.

ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა და მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით უკვე წლებია, მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, ხორციელდება შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც 12 ათასზე მეტმა ოჯახმა დახმარება უკვე მიიღო.

მისივე თქმით, სამშენებლო პროექტების უწყვეტად განხორციელებისა და კომპანიებისთვის საბანკო სექტორიდან საჭირო დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გონივრული პერიოდით გახანგრძლივება.

✕