პარლამენტმა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

 საქართველოს პარლამენტი

საკანონმდებლო ორგანომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასა და გამომდინარე კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი აწესრიგებს, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირებასთან, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობის დაფინანსების სახსრებთან, პროგრამების საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებასთან, ლიცენზიის გაცემის და ავტორიზაციის წესებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განმარტებით, კანონს ემატება რადიომაუწყებლობის ახალი მიმართულება - კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

„კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს რადიომაუწყებლობის განვითარებას, მეტი ინტერესისა და კონკურენციის გაჩენას და ეს იქნება კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის კარგი შესაძლებლობა თავიანთი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას.