პარლამენტმა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტმა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ლიკვიდირებული იქნება. ასევე, დადგინდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება საქართველოს მთავრობა იქნება.

კანონს დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროებისამებრ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.