პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილა

საგამოძიებო კომისია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი პირი - ვალერი შოშიაშვილი და გიული ავალიშვილი გამოჰკითხა.

როგორც ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, 2005 წლიდან საოჯახო ბიზნესში იყო ჩართული. მისივე თქმით, 2006 წელს, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანმა, ირაკლი კირკიტაძემ განუცხადა, რომ საბაჟოზე შემოტანილ თითოეულ კონტეინერზე მუდმივად უნდა გადაეხადა 1 500 დოლარი და ეს თანხა ვანო მერაბიშვილთან მიდიოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ და ბიზნესში ჩართულ ოჯახის წევრებზე განსაკუთრებული ზეწოლა განხორციელდებოდა.

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, ფინანსურ პოლიციაში იგი მეორედ დაიბარეს და დაავალეს, შემოწირულების სახით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 100 ათასი ლარი ჩაერიცხა, რისთვისაც მას საბანკო სესხის აღება მოუწია.

მისივე თქმით, 2010 წელს, ირაკლი კირკიტაძემ, გიორგი თარგამაძის „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობისთვის“ , 50 ათას ლარად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საეთერო დროის ყიდვა დაავალა.

როგორც ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, 2010 წელს ირაკლი კირკიტაძემ მას შპს-ს გადაფორმებაც მოსთხოვა.

„გადაფორმების შემდეგ ბიზნესმა გაცამტვერება დაიწყო. ირაკლი კირკიტაძე შემოვიდა მართვაში და დირექტორი გახდა, მე კი ბიზნესის მესაკუთრედ დავრჩი. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვე. უარის თქმის შემთხვევაში, გვემუქრებოდნენ, რომ ისეთი პრობლემები შეგვექმნებოდა, რომელიც ვეღარ მოგვარდებოდა“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, 9 თვის შემდეგ ირაკლი კირკიტაძე ბიზნესიდან გავიდა.

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, 2010 წლიდან მისი პროკურატურაში დაბარება დაიწყო. კერძოდ, პროკურატურის გამომძიებელი ბექა ბასილაია მას მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების კონკრეტულ პირზე სრულად გადაფორმებას სთხოვდა.

„პროკურატურაში ცხოვრების ყველაზე რთული 12 საათი გავატარე, ბექა ბასილაია და პროკურორი ზაზა მალუძე ერთმანეთში საუბრობდნენ დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა. ოთახის კედელი, სადაც 12 საათი გავატარე, დაფარული იყო ჩემი მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის და დის ფოტოებით“, - აღნიშნა ვალერი შიოლაშვილმა.

მისი თქმით, ზეწოლის მიზნით, ბექა ბასილაია მას ციხეში ადამიანების ცემის კადრებს აჩვენებდა.

როგორც ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ქონება იპოთეკით იყო დატვირთული მას „გადახდის ფორმა“ შეუცვალეს. კერძოდ, რამდენიმე დღეში ბექა ბასილაიამ, აუქციონზე, იძულებით, გრემის კულტურის სახლი 700 ათას ლარად აყიდვინა, ნაცვლად წინასწარ ნათქვამი 100 ათასი ლარისა, რისთვისაც „საქართველოს ბანკში“ 420 ათასი დოლარის სესხი ააღებინა და ბანკთან დაკავშირებული საკითხებიც თვითონ ბექა ბასილაიამ „მოაგვარა“.

როგორც ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, მოგვიანებით, ბექა ბასილაიამ მას მთავარ პროკურატურაში კიდევ 300 ათასი ლარის მიტანა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.

მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ბექა ბასილაიამ ის პროკურატურაში კვლავ დაიბარა და გაჩუმების სანაცვლოდ ერთი მილიონი დოლარი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა. ვალერი შოშიაშვილის მოსაზრებით, თანხის აღების შემთხვევაში, მას პროკურატურის შენობაშივე დააკავებდნენ.

როგორც მან აღნიშნა, 2013 წლის იანვარში, აღსრულების ეროვნული ბიუროდან წერილი მიიღო, სადაც მითითებული იყო, რომ „საქართველოს ბანკისთვის“ 420 ათასი დოლარის სესხი და მიმდინარე ბიზნეს სესხი სრულად უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქონებას აუქციონზე გაიტანდნენ, რის გამოც მას ინსულტი დაემართა.

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, 2014 წელს იგი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

კომისიას ახსნა-განმარტება გიული ავალიშვილმა მისცა, რომელმაც 2012 წელს გარდაცვლილი ძმის, გიორგი ავალიშვილის შესახებ ისაუბრა.

გიული ავალიშვილის განცხადებით, მის ძმას 2011 წლის მაისის აქციების დროს მიკროავტობუსით მომიტინგეები გადაჰყავდა, რაც 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი გახდა, თუმცა დაკავება პროვოკაციის მოწყობის შედეგად მოხდა.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ დაიწყო მისი ძმის ჯოჯოხეთი - გიორგი ავალიშვილს სცემდნენ, აწამებდნენ, რამდენიმე თვეში ცემისგან თირკმელები გაეთიშა და გარეგნულად იმდენად შეიცვალა, რომ ვერავინ ცნობდა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ცემის შემდეგ, მისი ძმა, გარკვეული პერიოდი, მორგში იყო გადაყვანილი.

გიული ავალიშვილის განცხადებით, მისი უდანაშაულო ძმის დახმარების მიზნით, ყველა უწყებას მიმართავდა, მათ შორის, ოთხჯერ პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართა და პასუხი ვერც ერთხელ ვერ მიიღო, ხოლო სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქმე წარმოებაში არ მიიღო.

მისი თქმით, თირკმელების ტერმინალური უკმარისობის გამო, 2012 წლის მაისში მის ძმას სასჯელი გადაუვადეს, თუმცა ციხიდან გამოშვებიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.

„მინდა მივმართო სააკაშვილს, რატომ მოკლა უდანაშაულო ადამიანი, რატომ ამოწყვიტა ერთი ქართული ოჯახი, რომელიც თავისთვის მშვიდად ცხოვრობდა, რატომ იყო ასეთი რეჟიმი ?!“ - განაცხადა გიული ავალიშვილმა.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, გიორგი ავალიშვილის საქმე, ბევრ სხვა საქმესთან ერთად კომისიის დასკვნაში მოხვდება.

„ძალიან ბევრი საქმე მოვისმინეთ. ასჯერ უფრო მეტი საქმე იქნება, რომლის მოსმენას ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ მოვასწრებთ, რადგან იმ ჯოჯოხეთის მასშტაბი, რომელიც სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა, ძალიან დიდი იყო. მაგრამ ის საქმეები, რასაც ვისმენთ, ის ანგარიშები, მტკიცებულებები, რაც საჯარო სხდომების მიღმაც შესწავლის პროცესშია, საშუალებას მოგვცემს, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელიც სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძველს შექმნის იმისათვის, რომ ისინი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდნენ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ორშაბათს, 9 ივნისს გაიმართება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.