პარლამენტის დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით უნგრეთში შეხვედრებს განაგრძობს

მიქანაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, უნგრეთში შეხვედრებს განაგრძობს.

გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ვერონიკა ვარგა-ბაიუსს და ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს როდრიგო ბალესტერს შეხვდნენ.

მხარეებმა ორი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების პოზიტიურ როლზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა საქართველოს და უნგრეთის ახალგაზრდებისთვის ერთობლივი გაცვლითი ბანაკების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ მადლიერება გამოხატა უნგრეთის მთავრობის მიმართ სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum“-ს დაფინანსებისთვის, რომლის ფარგლებშიც 2017 წლიდან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 342-მა სტუდენტმა მიიღო განათლება საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის საფეხურზე.

ვერონიკა ვარგა-ბაიუსმა მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, მოადგილე პაატა სალია და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში თამარ ლილუაშვილი.