პარლამენტის დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება არ მიმაჩნია სწორად, ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა - თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

29 დეკემბერს არაფერი მთავრდება, შეიძლება, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყოს, ეს არის აქ მთავარი, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ 29-მდე ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ჩვენ საარჩევნო პროცესში გადავალთ, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ჩუგოშვილის თქმით, ახალ არჩევნებამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი.

„ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა. ეს მარტივი არ არის. ბრძოლა გასაგრძელებელია. ეს პარლამენტი რომ არალეგიტიმურია და გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს უკვე ცხადია, ყველამ იცის. დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება მე პირადად არ მიმაჩნია სწორად და არ ვფიქრობ, რომ ეს არის გამოსავალი და საჭირო. ბევრი სხვა რამ არის მანამდე გასაკეთებელი, ვიდრე ახალი რიცხვები დადგინდება. ეს არის პროტესტის სხვადასხვა ფორმები, პარტიების უფრო მეტი კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი ჯგუფებისგან კიდევ უფრო მეტი კრეატივის შემოტანა. არის მნიშვნელოვანი ელემენტი ბიზნესი. ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კრიზისში. ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც აფიქსირებს ღიად თავის პოზიციას და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.