პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება

დას

 პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ. მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვა - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც სამიტზე განიხილავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, გუშინ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც კოსმოსის საერთაშორისო სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

პარიზში 120 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატია, მათ შორისაა ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში, პირადად პრეზიდენტმა მაკრონმა მიიწვია.

მასშტაბური ღონისძიება, რომელზეც მეცნიერების, კვლევების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავენ, ემანუელ მაკრონის პატრონაჟით და გერმანიის თანაინიციატივით იმართება.