ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა. ასეც იყო მოსალოდნელი - თამთა მიქელაძე

მიქელაძე

ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა, ასეც იყო მოსალოდნელი, - წერს სოციალურ ქსელში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ დანაწევრებული ოპოზიცია დიდ ქალაქებშიც რომ ვერ შეძლებდა წარმატების მიღწევას, მაშინ როცა ოპოზიციის მეორე ნახევარი მათ წინააღმდეგ მუშაობდა, იმთავითვე გასაგები იყო.

„ოპოზიციურმა ძალებმა ორი სხვადასხვა პოლიტიკური სტრატეგია გამოიყენეს და ორივე ჩავარდა. ასეც იყო მოსალოდნელი.

დანაწევრებული ოპოზიცია დიდ ქალაქებშიც რომ ვერ შეძლებდა წარმატების მიღწევას, მაშინ როცა ოპოზიციის მეორე ნახევარი მათ წინააღმდეგ მუშაობდა, იმთავითვე გასაგები იყო. [თუმცა უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ მე ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევნებში მონაწილეობის იდეის მომხრე ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას რომ მიეღო მონაწილეობა შეთანხმებული კანდიდატებით, ახლა სულ სხვა რეალობა გვექნებოდა!]

უცნაური ლიდერების მიერ წამოწყებული 4 ოქტომბერს დაწყებული და 4 ოქტომბერს დამთავრებული "მშვიდობიანი რევოლუციის" იდეა რომ აბსურდული, არასერიოზული და სახიფათო იყო, ეს იმთავითვე გასაგები იყო ჩემთვის. ამ მცდელობებს აღმავალი რეპრესიები, პროტესტის მარგინალიზაციის და პოლიტიკური ნიჰილიზმის რისკები მოჰყვებოდა და ამის განჭვრეტას არ სჭირდებოდა დიდი ინტელექტი და პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილება.

დეინსტიტუციონალიზებული, რეპრესირებული, გადაღლილი და ფრაგმენტირებული ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. თუმცა, ალბათ ახლა მაინც გაიხსნება სივრცე ნამდვილი დისკუსიისთვის და სტრატეგიული რეცეპტების არ არსებობა, ფიქრისკენ უბიძგებს ადამიანებს.

მოკლედ, ყველაფერი დასრულდა ცუდად. უფრო სწორედ, დასრულდა ისე როგორც სრულდებოდა ოპოზიციის მცდელობები სხვადასხვა პერიოდის საქართველოში, მანამ სანამ პოლიტიკაში ახალი და მძლავრი ფაქტორები არ ჩნდებოდა.

ასეთი მძლავრი ფაქტორები შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური პროცესები და მნიშვნელოვანი რე-კონფიგურაცია და განახლება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ახლა არც ერთი ეს ფაქტორი არ გვაქვს.

ახლა პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორი სამუშაო სტრატეგიები უნდა გვქონდეს მომავალში. ძალიან მძიმე ზამთარში შევდივართ, რომელიც სამწუხაროდ კალენდარულ ზამთარს არ დაემთხვევა.

აქვე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური რეჟიმი ძლიერია და წელგამართული. მას მძიმე გეოპოლიტიკური, შიდა პოლიტიკური და მორალური მოწყვლადობა ახასიათებს.

დღევანდელ დღეს ალბათ ყველაზე შთამაგონებელი ჩვენი ხალხის მედეგობა და მშვიდობიან წინააღმდეგობაში ხანგრძლივად ყოფნის ენერგია იყო.

ეს გვაძლევს იმედს, რომ დემოკრატიული ენერგია და დისციპლინა ჩვენს ხალხში ადვილად არ დაშრება, მაგრამ მას ნამდვილად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა ახალი ფრუსტრაციებისგან“, - წერს იგი.