ოპოზიცია არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას, თუ ერთად, შედეგი იქნება მარცხი, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ნებისმიერი პარტია არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ემზადებიან არა თვითმმართველობის, არამედ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2028 წელს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, „როგორც ჩანს, გარედან ჯერ ჩამოყალიბებული არ არის დავალება, რა და როგორ უნდა გააკეთონ“.

„ოპოზიცია არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას, თუ ერთად, შედეგი იგივე იქნება, რაც დანარჩენ ცხრა არჩევნებზე იყო – მარცხი. „ქართული ოცნება“ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს. ოპოზიცია არჩევნებში იმ მიზნით არ მიიღებს მონაწილეობას, რომ 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს. 26 ოქტომბერს მიღებული შედეგები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ არჩევნებს ბევრ საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ. მერებზე 50-პროცენტიანი ბარიერი არსებობს და შეიძლება, რომელიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნოს, რაც დემოკრატიის ნაწილია. არ ვამბობთ, რომ ყველგან ყველაფერს პირველივე ტურში მოვიგებთ, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმის თქმის საბაბს გვაძლევს, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.