1755595347
ონდინა ბლოკარ დრობიჩი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, - განაცხადა გაეროში სლოვენიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ონდინა ბლოკარ დრობიჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ონდინა ბლოკარ დრობიჩის განცხადებით, რუსეთს უნდა გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეუფერხებელი დაშვება.
„17 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ, თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ გაეროს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ მუდმივ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი რეგიონის მილიტარიზაციას;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებში არაერთხელ დასტურდება რუსეთის პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეუფერხებელი დაშვება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის გადაუდებელ აუცილებლობას ყველა იმ პირისთვის, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვისა და საჭიროებებზე რეაგირების მნიშვნელობას, ასევე მათი საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) მიმართ, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების გაგრძელებას ერგნეთში და ხაზს ვუსვამთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენის აუცილებლობას წინაპირობების გარეშე და ორივე მექანიზმის ძირითადი წესებისა და დამფუძნებელი პრინციპების შესაბამისად ფუნქციონირების აუცილებლობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცეს საქართველოს ორივე რეგიონში შესვლის შესაძლებლობა.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად“, - აღნიშნა ონდინა ბლოკარ დრობიჩიმ, რომელმაც ერთობლივი განცხადება გახმოვანა.
გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. მოხსენებით გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ იენჩა გამოვიდა და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის - ლატვიის წარმომადგენლები. მათ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ.