1744059571
რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები შემცირებას განაგრძობს, ევროკავშირიდან და აშშ-დან კი კვლავ გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 12.2%-ით, 315.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 21.8%-ით, 34.3 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 17.3%-იანი ზრდით. 23.0%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის უარყოფითი კონტრიბუცია კი ივნისში 2.8 პროცენტს გაუტოლდა.
„ივნისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.4%), აშშ (18.6%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.4%), გერმანიისა (8.6%) და საბერძნეთის (8.1%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.