ოლაფ შოლცმა უკრაინაში ვიზიტისას დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ვიზიტისას დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე საჭირო იქნება.

„ეს არის ჩემი ძალიან ნათელი გზავნილი კიევიდან პუტინისთვის: ჩვენ ამ პროცესში გრძელვადიან პერსპექტივაში ვართ ჩართულნი და უკრაინას მხარში დავუდგებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, ის უკრაინის საკითხზე ესაუბრა, როგორც ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, ისე მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც.

„მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი პოლიტიკის შემუშავება, ეს ყველას სურვილია, ამის გაკეთება შესაძლებელია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

„ჩვენ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გაგვიწევს ძლიერ, კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას, ვიდრე ახლა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ უკვე უნდა წამოვჭრათ ეს საკითხი ევროპაში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მეტ გზებზე, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც შეიძლება გველოდებოდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ამჟამად არ აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების გამო.